თანამედროვე განათლების აკადემიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი ავსტრიაში დასრულდა. მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს გერმანული ენის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც სერტიფიკატები მიიღეს.
ბანაკის მონაწილეები ვენაში 7 ივლისიდან იმყოფებოდნენ. სასწავლო პროცესის გარდა, მათ ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. ბანაკის ფარგლებში, ასევე, ესტუმრნენ ავსტრიის სხვა ქალაქებსაც.
ბანაკის პირველ კვირას მოინახულეს ვენის მერია, პარლამენტი, ოპერა, Schönbrunn-ის სასახლე, გაისეირნეს დუნაის სანაპიროზე, ასევე, დაათვალიერეს ხელოვნების ისტორიული და ალბერტინას მუზეუმები, გაემგზავრნენ კალენბერგსა და ჰალშტატში.
თანამედროვე განათლების აკადემიის ორგანიზებით, მოსწავლეები ესტუმრნენ ზალცბურგს, რომელსაც მოცარტის ქალაქს უწოდებენ, რადგან სწორედ აქ, 1956 წელს დაიბადა გენიოსი კომპოზიტორი - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.
მოსწავლეებმა, მეორე კვირის განმავლობაში, მოინახულეს ვენის ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ასევე, ესტუმრნენ ბელვედერის მუზეუმს, რომელიც ბაროკოს სტილის სასახლის კომპლექსისა და ულამაზესი ბაღის ერთობლიობაა.
ბანაკის ბოლო დღეს მოსწავლეებმა პრატერზე გაისეირნეს და მრავალფეროვანი ატრაქციონებით გაერთნენ.
გერმანულენოვანი საზაფხულო ბანაკი ავსტრიაში, CEA-ს საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორის, მარი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
______________
Comentários