თანამედროვე განათლების აკადემიაში საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც გერმანული ენის მასწავლებელმა ნათია ნანავამ გახსნა. მისი ორგანიზებით, lll კლასის მოსწავლეებმა გერმანულენოვანი ღონისძიება გაიმართეს. სხვადასხვა ანიმაციური პერსონაჟის ფორმაში გამოწყობილმა ბავშვებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს და საშობაო სიმღერები შეასრულეს.
ნათია ნანავამ კიდევ ერთი საახალწლო აქტივობა შემოგვთავაზა. IV და X კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული სპექტაკლი „თალგამი“ წარმოადგინეს.
მეოთხეკლასელებმა ზღაპრის გმირების როლები მოირგეს და მშობლებს გერმანულ ენაზე საინტერესო თეატრალური წარმოდგენა შესთავაზეს.
პარალელურად, მეათე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლის განმავლობაში „თალგამის“ სხვადასხვა პერსონაჟი დახატეს.
მომდევნო ღონისძიება ფრანგულენოვანი ჯგუფების მოსწავლეებს დაეთმოთ. IV, VII, VIII და IX კლასელებმა სიმღერები შეასრულეს და მოწვეულ სტუმრებს მცირე სპექტაკლი წარმოუდგინეს.
ღონისძიებას ორგანიზება ფრანგული ენის მასწავლებლებმა: ხათუნა მელიქიშვილმა და ანა კანკაძემ გაუწიეს.
საახალწლო ღონისძიებები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს გერმანული ენის ჯგუფების მოსწავლეებმა, რომლებმაც ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ჰენზელი და გრეტელი“ წარმოგვიდგინეს.
ზღაპრის პერსონაჟების როლები ბავშვებმა გერმანულ ენაზე შეასრულეს. მასში მონაწილეობა მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიებას ორგანიზება აკადემიის გერმანული ენის მასწავლებელმა მარი ჯაფარიძემ გაუწია.
საახალწლო ღონისძიება პირველი ბ და გ კლასის მოსწავლეებმა გააგრძელეს, რომლებმაც „ახალი წელი შოკოლადის სასახლეში“ შემოგვთავაზეს. მხიარული განწყობის შესაქმნელად, აკადემიას ფერიები, ანგელოზები, ფიფქია და ჯუჯები, თოვლის ბაბუა და თოვლის ბებო ესტუმრნენ.
ღონისძიება კლასის დამრიგებლების, თინათინ ლომსაძისა და მზეო კვინიკაძის ორგანიზებით გაიმართა.
მომდევნო ღონისძიება უცხოური ენების კათედრამ შემოგვთავაზა. მოსწავლეებმა საშობაო სიმღერები ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე შეასრულეს. ასევე, წარმოგვიდგინეს საცეკვაო ნომრებიც.
ღონისძიებაში მონაწილეობა მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
საღამოს ორგანიზება აკადემიის უცხოური კათედრის ხელმძღვანელმა მანანა ჭყონიამ და ინგლისური ენის მასწავლებელმა ანანო შანავამ გაუწიეს.
საახალწლო ღონისძიება გამართა V ა კლასმაც. მოსწავლეებმა მოწვეული სტუმრებისთვის ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე იმღერეს. ასევე, შეასრულეს საცეკვაო ნომრებიც.
მაყურებლის წინაშე პერსონალურად წასდგნენ ელენე გოგიაშვილი და ლიზი ზოდელავა. ელენემ გიტარაზე საშობაო სიმღერიდან ნაწყვეტი დაუკრა, ხოლო ლიზიმ, მუსიკალური გაფორმების თანხლებით, ტანვარჯიშის ილეთები შეასრულა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მშობლებს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები გადასცეს.
ღონისძიება კლასის ხელმძღვანელის, ნანა ჯაფიაშვილის ორგანიზებით გაიმართა. მხატვრული და მუსიკალური მხარდაჭერა კი აკადემიის ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებმა: ელენე თევზაძემ და ანა მაისურაძემ გაუწიეს.
აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიებისთვის პროექტი -“ანიმატორი“ განახორციელეს. ბავშვებმა ხელოვნების მასწავლებლის, ნინო იოვაშვილის დახმარებით ანიმაციის გმირები შექმნეს, შემდეგ კი კლასის ხელმძღვანელის, მანანა მაისურაძის მიერ დაწერილი ზღაპარი გაახმოვანეს და ანიმაცია ააწყეს.
ნამუშევრებისა და ანიმაციის პრეზენტაციაზე, საახალწლოდ, მშობლები მიიწვიეს და საღამო საშობაო სიმღერებით გააფორმეს.
ღონისძიებას მუსიკალური მხარდაჭერა აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ გაუწია.
ახალი წლის შემობრძანება განსხვავებულად აღნიშნეს თანამედროვე განათლების აკადემიის პირველი ა კლასის მოსწავლეებმა. კლასის ხელმძღვანელმა ინოლა გულუამ ბავშვებისთვის დავალებები მოამზადა. პატარებმა თითოეული მათგანი ხალისით შეასრულეს.
მოსწავლეებმა ააწყეს თემატური ფაზლები, ამოხსნეს მარტივი მათემატიკური დავალებები და ხელების დახმარების გარეშე ბუშტების გადატანას შეეცადნენ.
დავალებების გარდა პატარებმა მუსიკალური ნომრებიც შემოგვთავაზეს, რომელზეც აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ იმუშავა.
მეხუთე ბ კლასის მოსწავლეებმა ახალი წლის აღნიშვნის წეს-ჩვეულებებზე ინფორმაცია მოიძიეს და მოწვეულ სტუმრებს გააცნეს. ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ იმ ტრადიციებზე, რომლის მიხედვითაც ახალი წელი ძველად აღინიშნებოდა. მოსწავლეებმა, ასევე, შეგვისრულეს საშობაო სიმღერებიც.
ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა თამარ ბაღდავაძემ გაუწია.
საახალწლო ღონისძიებები II ა კლასმა დახურა, რომელმაც „საახალწლო წვეულება“ გამართა. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და საერთო მხიარულებაში მონაწილეობის მისაღებად მშობლებიც მიიწვიეს. მათთან ერთად ბავშვებმა სიმღერისა და ცეკვის ნომრები წარმოგვიდგინეს.
ღონისძიების ბოლოს მშობლებმა მათი პატარებისთვის წინასწარ მომზადებული სიმღერა შეასრულეს.
„საახალწლო წვეულება“ კლასის ხელმძღვანელის ხატია ბექაურის ორგანიზებით გაიმართა. მუსიკალური მხარდაჭერა აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ გაუწია, რომელმაც ასევე, ღონისძიების წამყვანის როლიც შეითავსა.
______________
Comments